Страницы

Tuesday, May 22, 2012

იმერეთის "მესხეთი"

   სოფელი მესხეთი ქალაქ ქუთაისიდან სამხრეთ-დასავლეთით 12 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის.
   სოფლის წარმოშობისა და სახელწოდების შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს.
   ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ვგებულობთ, რომ სამხრეთ საქართველოდან ბატონის რისხვას გამოქცეული ვინმე მესხი დასახლებულა აქ და აქედან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება. ამის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენს სოფელს რაღაც ნათესაური კავშირი უნდა ჰქონოდა სამხრეთის მესხეთთან.
   მეორე ვერსიის მიხედვით კი 1191-1192 წლებში თამარ მეფის მოწინააღმდეგეებმა, ვარდან დადიანის მეთაურობით, გეგუთის ტახტზე დასვეს საქართველოს სამეფოდან გაწვეული და თამარის უღირსი ქმარი, გიორგი ბოგოლიუბსკი. მაგრამ თამარ მეფისა და დავით სოსლანის მომხრეები მესხეთთან ახლოს წამოეწია შეთქმულ გიორგი რუსის ჯარს და დაამარცხა.
   სრულიად შესაძლებელია,რომ ამ ამბის პატივსაცემად, მართლაც მესხეთი დაერქმიათ ამ სოფლისათვის.
   რაც შეეხება სოფლის დასახელებას, იგი ადრეულ ხანაში მომხდარა, რასაც ადასტურებს ზედა მესხეთის სასაფლაოზე არსებული "წმინდა გიორგის" ეკლესიის ნანგრევები, რომელიც თითქოს აუგია ანატოლი მესხს ღმერთის საპატივცემულოდ, იმისათვის რომ იგი გადაურჩა ბატონის რისხვას, ხოლო ანატოლის გარდაცვალების შემდეგ კი სოფლისთვის  მესხეთი დაურქმევიათ.
   სოფელი მდიდარია არქეოლოგიური აღმოჩენებით. 1923 წლიდან მოყოლებული უამრავი ძვირფასი და უნიკალური ნივთია ნაპოვნი ქვევრსამარხებში. კერძოდ, შუა საუკუნეების ანტეფიქსი, რომელსაც ანალოგი არა აქვს  საქართველოში. მიგვაჩნია,რომ ჩვენი მესხეთი, თავისი წარსულითა და აწმყოთი , ტურისტების დიდ ყურადღებას მიიქცევს. დამთვალიერებელს ადვილად შეუძლია ნებისმიერი ტრანსპორტით: მიკრო ავტობუსით, ველოსიპედით, ცხენით, "კაჭკითა" და ქვეითად მოსიარულემაც კი დაათვალიეროს ეკლესიები და მონასტერი, ისტორიული ადგილები, წაბლნარის ტყე-პარკი.
   სტუმარს შესაძლებლობა ექნება საკუთარი თვალით იხილოს ზედა მესხეთის წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია , რომელიც აგებულია 1874 წელს გიორგი ლობჟანიძის მიერ. იგი გაბრიელ ეპისკოპოსმა მე-19 -ის 80-იან წლებში აკურთხა.

   უცხო სტუმრისთვის არანაკლებ საინტერესოა იქვე არსებული  წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21- საუკუნის დასაწყისში დაარსდა, სადაც დედაოები დღესაც წმინდა ცხოვრებას ეწევიან.

    დამთვალიერებელს  დააინტერესებს ქვედა მესხეთში არსებული სამების სახელობის ორი ტაძარი, რომელთაგან ერთი ხისაა, ხოლო მეორექვის. ისინი უკურთხებია ეპისკოპოს გაბრიელს (გერონტი ქიქოძეს) 1869 და 1885 წლებში.
   

       მანამდე კი იმ ადგილას, სადაც ამჟამად ქვის ტაძარია , ყოფილა სამშენებლო (ნატეხიქვისაგან ნაგები პატარა ეკლესია, რომელიც  მლოცველებს ვეღარ იტევდა. გადაუწყვეტიათ აეგოთ ახალი , დიდი ტაძარი. წარმოშობილა ორი აზრი : სულაკაძეები, აბდალაძეები და თუთბერიძეები მოითხოვდნენ ეკლესიის აგებას იქ, სადაც ახლა ხის ეკლესიაა. ტორაძეები, ნარეშელაშვილები, კუხიანიძეები და ფხაკაძეები კიქვის ეკლესიის ადგილას.
    თუ დავუკვირდებით, ქვის ტაძრის კედელში , შევამჩნევთ, რომ სამშენებლოდ გამოყენებულია  სხვადასხვა ჩუქურთმიანი ქვა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით კუთხეში ჩაშენებულია წარწერებიანი ქვა, რომელიც დაზიანების გამო დღემდე არ არის ამოკითხული. მისი გაშიფრის  შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა სოფლის ხნევანობის დადგენა.
    ქვის ეკლესიის პირველი მღვდელი ყოფილა სოფრომ კუხიანიძე. მისი შვილი იყო ბესარიონ კუხიანიძე, რომელიც გახლდათ სობორის ეკლესიის დიაკვანი. იგი 1924 წელს, საეკლესიო ქონების დაცვისათვის კომუნისტებმა საღორიის ტყეში დახვრიტეს. 1996 წელს , ქრისტიანულმა  ეკლესიამ ბესარიონი წმინდანად შერაცხა.
     გარდა წმინდა ადგილებისა, ტურისტს საშუალება ეძლევა დაათვალიეროს მესხეთის წაბლნარის ტყე-პარკი, სადაც შეძლებს მოისვენოს კარვებში, უსაფრთხოების წესის დაცვით დაანთოს ცეცხლი და მიირთვას ნაკვერცხალზე შემწვარი მწვადი.



     აგრეთვე მოინახულოს "ქედა", ხელოვნურად ამარლებული ადგილი, რომელსაც ომიანობის დროს იყენებდნენ და თამარის დროიდან მომდინარეობს.


     არ შეიძლება ტურისტი გულგრილი დატოვოს მესხეთლების სტუმართმოყვარეობამ, რადგან სოფელში არსებობს  წარმართულიდან მომდინარე, აწ  უკვე ტრადიციული-ხალხური  დღესასწაული  "კოხინჯრობა".  იგი 20 მაისს აღინიშნებაამ დღეს ყველა ოჯახის კარი  ღიაა ნებისმიერი სტუმრისათვის.
     ეს საერო დღესასწაული  შორეული  წარსულიდან იღებს სათავეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმადთითქოს  ხალხმა  შესთხოვა უფალს  შეეწყვიტა  ინჯრა-ინჯრა,      .  ციდან  ულუფებად წამოსული "კოხი", რომ მოსავალი არ განადგურებულიყო და სამაგიეროდ აღუთქვამთ, რომ ყოველ 20 მაისს უქმედ გამოაცხადებდნენ. მართლაც, ზეცაზე, ღვთის წყალობის ნიშნად, გამოსახულა ჯვარისავარაუდოა,რომ სწორედ მის გამო  დარქმევია "კოხინჯვრობა" , შემდეგ დროთა განმავლობაში "" თანხმოვანი სიტყვიდან ამოვარდა  და დარჩა უკვე ცნობილი სახით.
     უცხო თვალისთვის ძალიან საინტერესო  და მნიშვნელოვანია მეორე დღესასწაულზე მოხვედრა, სადაც თავად შეიძლება აღმოჩნდეს საოცარი რიტუალის მონაწილე. ეს დღესასწაულია  "საღვთო". იგი ყოველთვის ემთხვევა რელიგიურ დღესასწაულს "სულთმოფენობას" , რომელიც აღდგომიდან 50- დღეს აღინიშნება.
    "საღვთოს" ტრადიციად დამკვიდრებას  თავისი ისტორია აქვსთურმე ბაღდათელი ჯიხვაძის წინაპარი ყოფილა მესხეთელი კუხიანიძე , რომელსაც ვიღაც შემოკვდომია, ბაღდათში გადასახლებულა და გვარი ჯიხვაძედ გადაუკეთებია. მძიმე ცოდვის გამო შეძენილი შვილები მალევე ეღუპებოდა. წლების შემდეგ ოჯახის უფროსს დასიზმრებია, რომ ბავშვი ჯანმრთელი  დაიბადებოდა და გაიზრდებოდა, თუ უფლის შესაწირ ცხვარს გაუშვებდენენ, უკან გაჰყვებოდნენ და სადაც გაჩერდებოდა, იმ ადგილას ყოველწლიურად შესაწირს გასცემდენენ. სამი დღის სიარულის  შემდეგ, ცხვარი მესხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქვის ტაძარში მოსულა.
    ღვთის შეწევნით, ლოცვითა და ვედრებით ოჯახს მართლაც შეძენია მემკვიდრე. მას შემდეგ მოყოლებული, ყოველ წელიწადს  ჯიხვაძეების  ყველა ნათესავი ფეხით ჩამოდის ქვედა მესხეთში, სამების ტაძარში და ცხვარს სწირავს. ამ ფაქტს მესხეთლებიც შეუერთდა და ყოველ "საღვთოს" ყველა გვარის წარმომადგენელი თითო ცხვარს სწირავსტაძრის შემორაგულის მიღმა იკვლება და საღამო ხანს  უბნების წარმომადგენლები ცალ-ცალკე  სხდებიან მიწაზე გაშლილ სუფრასთან და ერთად აღნიშნავენ ამ დრესასწაულს.
    ვფიქრობთ, ასეთი დიდი წარსულისა და აწმყოს მქონე ჩვენი მესხეთი ნამდვილად დააინტერესებს ტურისტს, თუნდაც უცხოელს, რათა უკეთ გაიცნოს დანარჩენი საქართველო და აღმოაჩინოს იმერეთის "მესხეთი".